Articles

პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება

საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დღეიდან უკვე დასწრებული ფორმით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  მხარდაჭერაზე ორიენტირებული  მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით დღეს  პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ეწვია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე გაეცნო.

 

1 მარტიდან კოლეჯ „იკაროსში“ პროფესიული სტუდენტების სასწავლო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც პროფესიული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტების სასწავლო სახელოსნოებსა და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სივრცეებში წარმართვას გულისხმობს.   

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოლეჯში დაცულია უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია, რაც ითვალისწინებს სასწავლებლის სივრცეში არა მხოლოდ პირბადეების ტარებას, არამედ სოციალური დისტანციის დაცვას, თერმოსქრინინგსა თუ დეზობარიერების გამოყენებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვინაიდან შემოდგომაზე კოლეჯში სწავლა დასწრებულ ფორმატში მიმდინარეობდა, კოლეჯს უკვე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ოპერირების გამოცდილება. შესაბამისად, არსებული გამოწვევებისთვის კოლეჯი კარგად არის მომზადებული.  მისივე განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მხარდამჭერი მონიტორინგის პროცესი და სამინისტროს წარმომადგენლები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას მოინახულებენ.

კოლეჯი „იკაროსი“ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზეა ორიენტირებული და  ახორციელებს  ისეთ მოდულურ პროგრამებს, როგორებიცაა კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სასტუმრო  და სარესტორნო მომსახურება. ასევე, კერძო სექტორთან პარტნიორობით, კოლეჯში ხორციელდება პროგრამები – კერძების მომზადების ტექნოლოგია და საკონდიტრო მინი ნაწარმი. აღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტი საწარმოს ბაზაზე ხორციელდება.

 

წყარო:  http://mes.gov.ge/content.php?id=11817&lang=geo