რუსუდან ჩართოლანი - „იკაროსის“ წარმატებას პირველ რიგში განაპირობებენ პედაგოგები, თავის დარგში - წამყვანი პროფესიონალები“ სულ რამდენიმე დღის წინ, „იკაროსის“ მიერ წარდგენილმა ორმა კონკურსანტმა Worldskills საქართველო 2023-ის კონკურსში გაიმარჯვა. ნინო შარუხიამ კულინარიაში პირველი ადგილი, ხოლო დემეტრე ნადირაძემ კონდიტერიაში მეორე ადგილი მოიპოვეს. კოლეჯს, კონკურსის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სადღესასწაულო ღონისძიებაზე მადლობის სიგელიც გადაეცა. „ასეთი ტიპის კონკურსები არის არსებითად მნიშვნელოვანი, ვინაიდან იქმნება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო, სხვანაირად ხდება ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება, კოლეჯებს შორის უნარების და გამოცდილების გაზიარება. ხოლო უკვე საზღვარგარეთ, საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი (Worldskills საქართველო 2023-ის პირველი ადგილის მფლობელები კულინარიაში, კონდიტერიასა და ვებ-ტეგნოლოგიებში 2024 წელს საფრანგეთში საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრებიან), ვინაიდან იქ კიდევ სულ სხვაგვარად წარმოჩინდება ქართველი სტუდენტების ცოდნის დონე, საქართველოს კონკურენტუნარიანობა და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე წამოწეული უნიკალური ქართული გემოები ცნობადობის სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენს კულინარიას. ასეთი ტიპის ღონისძიებები, ჩემი აზრით ახალგაზრდებშიც განსხვავებულ ინტერესს ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ,“ - აღნიშნავს კოლეჯის ხელმძღვანელი რუსუდან ჩართოლანი. ყოველწლიურად 300-ზე მეტი ახალგაზრდა გადის კონკრეტულად კონდიტერიის და კულინარიის კურსს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან მაღალია ამ ტიპის ცოდნის მიმართ ინტერესი, კოლეჯი კი მიზნად ისახავს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს პროფესიული განათლებით, - „ჩვენ ასევე ინტერესი გვაქვს, რომ კერძო სექტორის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი დაინტერესდეს პროფესიულ განათლებაში აქტიური ჩართულობით, ვინაიდან დღეს მსოფლიო აქტიურად იყენებს პროფესიული სასწავლებლების რესურსს უამრავი მიმართულებით და საქართველო არ უნდა იყოს გამონაკლისი. Worldskills-ი ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. საქართველო ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაერთო ამ კონკურსში, ჩვენი გამარჯვებულები გაემგზავრნენ გერმანიაში, შემდეგ უკვე ბრაზილიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. და ეხლა კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონკურსში (Worldskills International ორ წელიწადში ერთხელ იმართება) პერმანენტულად ჩაერთოს, რასაც მე პირადად მხოლოდ მივესალმები და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ასეთი პროექტების ხელშეწყობას, რაც პირველ რიგში ჩვენი სტუდენტების წარმატების საწინდარია და ქვეყანაში კი პროფესიული განათლების განვითარების ხელშემწყობი“, - აღნიშნავს რუსუდან ჩართოლანი, - „ეს ღონისძიება შედგა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, რომელიც Worldskills International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მათი ასოცირებული წევრი, სწორედ მათ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ საქართველოს ჩართულობას კონკურსში პერმანენტული ხასიათი მიეცემა. არ შემიძლია, ასევე არ გამოვყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა ამ კონკურსის წარმართვის პროცესში“. კონკურსის შეფასებისას „იკაროსის“ ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს ჟიურის წევრების პროფესიონალიზმს და მონაწილეების უნარებს - „ესენი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ამ სფეროს განვითარებაში; კონკურსში საუკეთესო სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი და მათ გასაოცარი უნარები დაგვანახეს პროცესში. ჩვენს წარმატებას კი, ვფიქრობ პირველ რიგში განაპირობებენ პედაგოგები, ის პერსონალი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი სტუდენტების უნარების განვითარებაზე, ცოდნის ამაღლებაზე და მათი უნარების გაძლიერებაზე“.

Get in touch

872 Arch Ave.
Chaska, Palo Alto, CA 55318
hello@example.com
ph: +1.123.434.965

Work inquiries

jobs@example.com
ph: +1.321.989.645